საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ info@goal.ge-ზე.

"კანი რომ მდგარიყო, აიღებდა", - გოლი, რომელიც მსოფლიომ შედევრად დაიმახსოვრა, ლევერკუზენმა კი - მეკარის შეცდომად
"კანი რომ მდგარიყო, აიღებდა", - გოლი, რომელიც მსოფლიომ შედევრად დაიმახსოვრა, ლევერკუზენმა კი - მეკარის შეცდომად
18 წლის წინ, ზინედინ ზიდანმა თავისი კარიერის ყველაზე ლეგენდარული გოლი გაიტანა.

ბრწყინვალე გოლმა „რეალს“ მორიგი ჩემპიონთა ლიგა მოუტანა და ზიზუს სიმბოლოდაც იქცა, ზუსტად ისე, როგორც ფინტი, რომელიც უმეტესობას „ზიდანის ფინტად ახსოვს“ (marseille turn).

2002 წლის 15 მაისს, გლაზგოში, სტადიონ „ჰემპდენ პარკზე“, წარმოუდგენლად მოტივირებული ლევერკუზენის „ბაიერი“ მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ეჭიდავებოდა. იმ მომენტისთვის, ფარმაცევტებს ბუნდესლიგის ჩემპიონობა ბოლო ტურში და თასის ფინალი ჰქონადთ წაგებული - კიდევ ერთი მარცხი ტრაგედიის ტოლფასი იქნებოდა. ამას ყველაზე კარგად ლუსიო ხვდებოდა, რომელმაც, რაულის სწრაფ გოლს თავისი თავურით უპასუხა.

თუმცა, ვერც ბრაზილიელმა მცველმა და ვერც მისმა თანაგუნდელებმა, უდიდესი მოტივაციის მიუხედავად, ზიდანისთვის გოლის გატანაში ხელის შეშლა ვერ მოახერხეს. შესვენებამდე ერთი წუთით ადრე, სანტიაგო სოლარიმ რობერტო კარლოსის აჩქარება შენიშნა და პასით დააჯილდოვა, შემდეგ კი ბრაზილიელმა ბურთი საჯარიმოს სიახლოვეში, ჰაერში დაკიდა, სადაც მას უკვე ზიდანი დახვდა. თითქოს, ამ ბურთის დამუშავებაც კი ურთულესი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამისათვის ზიდანს არც დრო ჰქონია და არც სურვილი. სამაგიეროდ, მას საკმარისი გემოვნება და ნიჭი გააჩნდა იმისთვის, რომ ბურთი ჰაერშივე დაეჭირა და უახლოეს ცხრიანში ტყვიისებური დარტყმით გაეშვა. რა თქმა უნდა, მეკარე ჰანს-იორგ ბუტი უძლური აღმოჩნდა. „გოლ. გოლ. გოოოოოოოოოოოოოლ!“ - ყვიროდა სტადიონზე აღფრთოვანებული დიქტორი. „მოუსმინეთ, მოუსმინეთ სტადიონს!“, - მოუწოდებდა ტელემაყურებლებს ლეგენდარული რუსი კომენტატორი, ვლადიმირ მასლაჩენკო. ამ მომენტიდან ზუსტად ერთ საათში, „რეალი“ ბოლო 6 წელიწადში მესამე ჩემპიონთა ლიგას ზეიმობდა.



ზიდანმა ეს გოლი ვეღარ გაიმეორა. რეკლამის გადაღებებზეც კი

„ჩემი გოლი შესანისნავი იყო, მაგრამ მთავარია, რომ გუნდმა მოიგო. ეს გადმოუცემელი შეგრძნებაა.“ - მორცხვობდა ზიზუ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასი მაშინ პირველად (და ერთადერთხელ) მოიგო.

შესაძლოა, ის მაშინ ვერც კი ხვდებოდა, რამდენად უნიკალური გოლი გაიტანა. მთელ კარიერაში თავისი ამ შედევრის გამეორება ფრანგმა ვერც მოახერხა.

„ასეთი გოლები კარიერაში ერთხელ გაგაქვს. ამ დარტყმის გამეორებას ვცდილობდი, რეკლამის გადაღებეზეც კი. მაგრამ, ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე, ვერც ერთხელ! ვარჯიშებზეც ვცდილობდი, მაგრამ ამაოდ. ეს იყო უნიკალური მომენტი, რომელიც სწორედ მაშინ მოხდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში. აქ რაღაცის ახსნა არის უბრალოდ შეუძლებელი. უნდა გიხაროდეს, რომ ასეთი გოლი შეაგდე.“ - აღიარებდა ზიზუ უკვე მწვრთნელობისას

ზიდანმა კარლოსის ჩაწოდებას საშინელება უწოდა, ის კი, თავის მხრივ, სოლარის პასს აკრიტიკებს


გოლის გახსენებისას, ზიზუ რობერტო კარლოსს გაეხუმრა და მის პასს „საშინელება“ უწოდა. თუმცა, ბრაზილიელი ფრანგს არ დაეთანხმა.

„ამბობენ, რომ საშინელი პასი იყო და ძალიან მიკვირს: „საშინელი? სერიოზულად? იმ პირობებში, როგორშიც მე ვიყავი, იდელაური პასი გამომივიდა, ბურთი საჭირო სიმაღლეზე იყო და პირდაპირ ზიზუს მარცხენა ფეხზე დააჯდა. მან ულამაზესი გოლი გაიტანა, მაგრამ, რომ არა ეს პასი... რა იქნებოდა, ასეთი იდეალური გადაცემა რომ არ გამომსვლოდა?

იმ სიტუაციაში ეს ჩემი ერთადერთი შანსი იყო - ლევერკუზენის ფეხბურთელი უკვე გვერდში მყავდა. ბურთის დამუშავება რომ დამეწყო, ის მას უბრალოდ მოიგერიებდა.“ - პასუხობს რობერტო კარლოსი.

სასაცილოა, რომ ამ ეპიზოდში „დამნაშავემ“ რობერტომაც იპოვა. ბრაზილიელის აზრით, საშინელება სოლარის პასი იყო.

„სოლარის ჩაწოდების შემდეგ ბურთი საშინლად დახტოდა და მე ის უბრალოდ ისე მოვაწოდე, რომ ვერც ვხედავდი, სად იყო ზიდანი. უბრალოდ გვერდითი მხედველობით გავიხედე მარჯვნივ და დავინახე, რომ იქ ვიღაც თეთრმაისურიანი იყო.

სოლარი, რომელიც პასს მიკეთებდა, თითქოს სტადიონს ფარგლებს გარეთ უმიზნებდა, ეს საშინელება იყო. ბურთი ზემოდან მოფრინდა და ძლიერად წინ მიიწევდა, გვერდით კი ორმეტრიანი მცველი მყავდა, რომელიც სისწრაფის ხარჯზე ჩამოვიტოვე. მაგრამ, ფეხი რომ გაეშალა, ტრავმას მივიღებდი. გამიმართლა, რომ სწრაფად დავრბოდი.“ ამტკიცებდა ბრაზილიელი.

თავად სოლარი არც უარყოფდა, რომ მისი პასი საუკეთესო არ ყოფილა

„პასი იმ დროს გავაკეთე, როცა სივრცე დავინახე და მივხვდი, რა უნდა მექნა. ნებისმიერი სხვა ფეხბურთელისთვის ჩემი ეს პასი ცუდი და გაფუჭებული იქნებოდა, მაგრამ რობერტო ძალიან სწრაფი იყო და დაეწია. მან ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც საჭირო იყო და ის ზიდანს გადააწოდა. მისი პასი ისეთი ცუდიც არ იყო, როგორც ისინი ამბობენ. ეს იყო საუკეთესო გადაცემა, რომლის გაკეთებაც შეეძლო, იმის გათვალისწინებით, რომ პასი ზედმეტად ძლიერად გადავაწოდე. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და მას დაფიქრების დრო არ ჰქონდა.“ - აღიარებდა სოლარი.

„ბაიერის“ ფეხბურთელები არ ელოდნენ, რომ ზიდანი ჰაერიდანვე დაარტყამდა, მაგრამ გაშვებული გოლი მეკარეს დაბრალდა

რაც არ უნდა იყოს. ზიდანის დარტყმამ ფარმაცევტების დაცვა გაშეშებული დატოვა. მცველი, იენს ნოვოტნი, რომელიც იმ დღეს განაცხადში ვერ მოხვდა, აღიარებს, რომ ზიზუს ამ გასროლისთვის მზად არავინ იყო.

„ტექნიკის თვალსაზრისით, ზიდანის გოლი შესანიშნავი იყო. არავინ ელოდა, რომ ის ასეთი მდგომარეობიდან დაარტყამდა. ჩვეულებრივი ფეხბურთელი ბურთის ჩამოღებას და რაღაცის გაკეთებას გადაწყვეტდა და არა პირდაპირ დარტყმას. ჩვენი მეკარე და მცველები გაკვირვებულნი იყვნენ.“ - ამბობდა ნოვოტნი.

„ბაიერის“ მწვრთნელი, კლაუს ტოპმიოლერი კი, იმ ეპიზოდის გახსენებისას თავის უკმაყოფილებას არ მალავდა, გოლი კი ჰანს-იორგ ბუტს დააბრალა.

„ეს იყო ფანტასტიკური გოლი, ამგრამ მეკარეს, ალბათ, ის უნდა მოეგერიებინა. ზიდანი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ულამაზესი დარტყმა გამოუვიდა, მაგრამ ის არც მარცხნივ მიფრინავდა და არც მარჯვნივ, მეკარესთანაც ახლოს იყო და მისთვის ნორმალურ სიმაღლეზეც. ნებისმიერი გერმანელი გულშემატკივარი იტყოდა, რომ კარში ოლივერ კანი რომ მდგარიყო, ამ დარტყმას მოიგერიებდა. მასთან ერთად სამივე ტიტულს მოვიგებდით. ბუტით იმედგაცრუებული ვიყავი, თანაც არამარტო მე. ყველა.“ - ამტკიცებდა ტოპმიოლერი.

მწვრთნელის ეს სიტყვები ნოვოტნიმაც დაადასტურა.

„ვერ ვიტყვი, რომ ვიღაცამ დაუშვა შეცდომა, რომლის გამოც დავმარცხდით. ეს ჩემ სტილში და პრინციპებში არ ჯდება. მაგრამ, კლუბში ზოგი ამბობდა, რომ ეს ბუტის შეცდომა იყო და მხოლოდ წარმოდგენა თუ შემიძლია, რისი გადატანაც მას მოუხდა.“

ორი წლის წინ, ESPN-ს ჟურნალისტებმა ბუტს დაურეკეს იმ იმედით, რომ ამ გოლზე რაიმეს მოისმენდნენ. თუმცა, მეკარემ ყურმილი შემდეგი სიტყვებით დაკიდა: „აღარ დამირეკოთ!“

ზიდანის გოლი - ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესოა. France Football მიიჩნევს, რომ ის რონალდუს მაკრატელაზე უკეთესიც კია.

საბედნიეროდ, „ბაიერისგან“ განსხვავებით, საფეხბურთო სამყარომ ეს გოლი არა ბუტის შეცდომის, არამედ ზიდანის გენიალური დარტყმის გამო დაიმახსოვრდა. ზიზუს დარტყმა არაერთგზის ხვდებოდა სხვადასხვა ტოპებში და საუკეთესო გოლების მიმოხილვებში, 2020 წლის მაისში კი, ავტორიტეტულმა France Football-მა ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 50 საუკეთესო გოლს შორის საუკეთესოდ დაასახელა.

ამ რეიტინგში ზიზუს გოლმა მაურო ბრესანი ჩამოიტოვა, რომელმაც „ბარსელონას“ კარში მოედნის ფარგლებს გარედან მაკრეტელა გაუტანა. მესამე ადგილს კრიშტიანუ რონალდუ დასჯერდა, რომელმაც მაკრეტელა „იუვენტუსს“ შეუგდო.


დღის მთავარი ამბები
ყველა სიახლე
11:50Milan
იოვიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა
10:22
ჭიკაძემ სასურველი მეტოქე დაასახელა: "წლის ბრძოლა იქნება"
10:01Bayern München
ბაიერნის ახალი "შუშის კაცი"
09:45
"ოქროს ბურთი პრიორიტეტი არ არის", - მბაპე
09:29Real Madrid
რეალი ჰავერცისთვის ბრძოლაში ჩაერთო
09:17Barcelona
ბარსელონა ტერ შტეგენს კვლავ ვერ უთანხმდება
04:16
Millennial, 21, Reveals How He Made His First MILLION Dollars
04:03
ლეგიას ქართველი ლიდერი - პოლონეთში ვაკო გვილიას აქებენ
03:53
VIDEO: ბასილაშვილის დასაფასებელი საქციელი, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა
03:46Barcelona
ვიდალის ყოფილმა თანაგუნდელმა დაასახელა კლუბი, სადაც არტუროს სურს თამაში
03:23Barcelona
სუარესი: "ბარსელონა მიზანი და ამბიცია უცვლელია"
03:20Bayern München
ლევანდოვსკის განუმეორებელი შედეგი ბუნდესლიგაში
03:13
სასიამოვნო ინფორმაცია: კორონავირუსი პრემიერ ლიგის არცერთ კლუბში არ დადასტურდა
03:10Liverpool
მინოლემ ახსნა, თუ რატომაა ლივერპული ასეთი წარმატებული
03:07Chelsea
ჟირუ ფინალს იხსენებს: "მათთვის ბევრი რამ მქონდა დასამტკიცებელი"
მეტი
  • კლუბი
  • 1
    Liverpool
    29
    27
    1
    1
    82
    4
    Chelsea
    29
    14
    6
    9
    48
    9
    Arsenal
    28
    9
    13
    6
    40
    10
    Burnley
    29
    11
    6
    12
    39
    11
    Crystal Palace
    29
    10
    9
    10
    39
    12
    Everton
    29
    10
    7
    12
    37
    14
    Southampton
    29
    10
    4
    15
    34
    16
    West Ham United
    29
    7
    6
    16
    27
    17
    Watford
    29
    6
    9
    14
    27
    18
    AFC Bournemouth
    29
    7
    6
    16
    27
    19
    Aston Villa
    28
    7
    4
    17
    25
    20
    Norwich City
    29
    5
    6
    18
    21
    სტატისტიკა